საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ფორმატი და კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას უმცირესობის წარმომადგენლებმა დაუსვეს შეკითხვა, თუ რას გეგმავს ახალი ხელისუფლება ავღანეთის მისიასთან დაკავშირებით 2014 წლის შემდეგ, ვინაიდან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ 2014 წელს ქართული კონტინგენტი ავღანეთს დატოვებს.
„ნატო-ს მისიასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას განცხადება არ იყო კატეგორიული და მას არ უთქვამს, რომ 2014 წლიდან საქართველოს კონტინგენტი მთლიანად გამოდის ავღანეთიდან. ჩვენ უნდა შევასრულოთ საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ 18 ჯარისკაცის დანაკარგი გვაქვს, თუმცა 2014 წელს როგორი იქნება მონაწილეობა საქართველოსი ამ მისიაში, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ არსებულ ფორმატსა და არსებული კონტიგენტის რაოდენობაში ცვლილებების შევიდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას გამოეთიშება.