"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია "ქართულ ოცნებას", პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით , დეპუტატებზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თაქთაქიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ინფორმაცია მათ უმცირესობაში შემავალ დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით თითქმის ყოველდღიურად შემოდის და თუ კი მსგავსი მცდელობები კვლავაც გაგრძელდება, მეტი დეტალების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებსაც მიაწვდიან.
მისი განმარტებით, იმისთვის, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნას, არადემოკრატიული, არაკანონიერი გზებით ხორციელდება მათ დეპუტატებზე ზეწოლა. მას არ დაუკონკრეტებია პერსონალურად ასეთი დეპუტატები, თუმცა აღნიშნა, რომ გამოიყოფა რამდენიმე კატეგორია.
„ზეწოლის ფაქტები ხორციელდება იმ დეპუტატებზე, რომლებიც გარკვეულ ბიზნესებს ფლობენ. ადგილი აქვს დეპუტატებზე ზეწოლას მათი ნათესავების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარით; მუქარები ხორციელდება ასევე „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მათ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში.“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს ამომრჩევლებმა განსაზღვრეს არა მხოლოდ ის, რომ არჩევნებში კოალიცია "ქართულ ოცნებას" გაემარჯვა, არამედ დაადგინეს, თუ რამდენი მანდატი უნდა ჰქონოდა უმცირესობას და რამდენი - უმრავლესობას.
„ასეთი არაკანონიერი, არადემოკრატიული მეთოდებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მცდელობა კი სრულიად უგულებელყოფს დემოკრატიის პრინციპებს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მსგავსი ფაქტების გაგრძელების შემთხვევაში აუცილებლად მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ არ დაუშვან პარლამენტში დეპუტატებზე ზეწოლის გაგრძელების ფაქტები და ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინონ რეაგირება.