ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით ახალი მთავრობა კონსულტაციებს ენერგოკომპანიებთან გამართავს.
როგორც კალაძემ საპარლამენტო კომიტეტებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დროს გაზის და ელექტროენერგიის შემცირებასა და საწვავის ფასების კლებაზე საუბრობდა.
მისი თქმით, გაზისა და ბენზინის ტარიფების შემცირება შესაძლებელია. შესაბამისად, ამ მიმართულებით კონსულტაციების დაწყებას ყველა იმ კომპანიასთან აპირებს, რომელიც ენერგოსექტორში საქმიანობს.
„ჩვენი ინფორმაციით,შესაძლებელია როგორც გაზზე, ისე ბენზინზე ტარიფები შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ამის განხორციელება როგორ შეიძლება. მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ჩემი ნება არ არის, რადგან მარეგულირებელი კომისია არსებობს და ურთიერთთანამშრომლობისა და კომპანიებთან შეხვედრების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა“ - აცხადებს კალაძე.
მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, გარკვეულ კონსულტაციებს გაივლის გარემოს დაცვის სამინისტროსთან.
„ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან მიმართებაში და ეს კითხვები დღესაც აქტუალურია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას, თუმცა გარკვეულ კონსულტაციებს გავივლით გარემოს დაცვის სამინისტროსთან დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ასევე გადაიხედება ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ რამდენად არის ამ კონტრაქტებში გათვალისწინებული სახელმწიფოს ინტერესი", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება "საქჰიდროენერგომშენში" "კალა კაპიტალის" 45%-იან წილს, მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, მის გასხვისებას მაშინვე მოახდენს, როგორც კი პოსტზე დაამტკიცებენ.
„როცა მე ოფიციალურად დამამტკიცებენ ენერგეტიკის მინისტრად, 10 დღის ვადაში მოხდება ამ წილის გაყიდვა. მე რომ ეს წილი მაშინ გამესხვისებინა, ვთქვათ ჩემს მეგობარზე, როცა კანდიდატად დამასახელეს, ლამაზი არ იქნებოდა. ახლა კი არ მოხდება მისი გასხვისება მეგობარზე და ნათესავზე, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ამას საზოგადოება ნახავს", - აღნიშნა კალაძემ.
საპარლამენტო კომიტეტებში კალაძე დეპუტატებს საკუთარ გეგმებს გააცნობს.