მთავრობის კანცელარიაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ, მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი მიმდინარეობს.
მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე წარმართავს, ევროკავშირის მხრიდან კი, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი.
იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე გორდაძე საქართველოს მხარეს ბოლოჯერ ხელმძღვანელობს, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ხოლო, ახალ მთავრობას, რომელიც პროცესს გააგრძელებს, წარმატება უსურვა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები იმ ტემპით გაგრძელდეს, როგორც მიმდინარეობდა“, - განაცხადა გორდაძემ.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალი პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი დამკვირვებლის სტატუსით ესწრება.
გორდაძის განცხადებით, დღეისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია.
„ასოცირების შეთანხმების გაფორმებას კიდევ დაახლოებით 3-4 რაუნდი დასჭირდება. მოლაპარაკება მომავალი წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამავე ვადაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდება. ამის შემდეგ საქართველოს კიდევ უფრო დიდი პერსპექტივები მიეცემა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევობის კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინოს“, - განაცხადა გორდაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მიმდინარე დიალოგი, რომელიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
მისი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება, 2013 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში, სადაც საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხში მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა მიიღოს.