ორგანიზაცია „ლიბერალური კვალი საქართველო“ დიდი ბრიტანეთში საქართველოს ელჩის გიორგი ბადრიძის თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხის გადახედვას მოითხოვს.
ამასთან დაკავშირებით, „ლიბერალური კვალი საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, კოტე სურგულაძის მიმართავს.
განცხადების თანახმად, ციხეების შემზარავი კადრების გავრცელებიდან მეორე დღეს, მასმედიის საშუალებით მთელმა საქართველომ იხილა თუ რა რეპლიკით მიმართა გიორგი ბადრიძემ ლონდონში საქართველოს საელჩოსთან პროტესტის გამოსახატავად შეკრებილ ემიგრანტებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები კოტე სურგულაძეს სთხოვენ, მინისტრად დამტკიცებისთანავე ბადრიძის ამგვარ ქმედებაზე სამინისტრომ რეაგირება მოახდინოს.
„ჩვენი ორგანიზაცია ისევე, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა აღნიშნულ ფაქტს ვგმობთ და ვთვლით, რომ საქართველოს ელჩის ასეთი არაპროფესიონალიზმი და ხალხის სიძულვილი არა მხოლოდ ემიგრანტთათვისაა სირცხვილი, არამედ სრულიად საქართველოს საზოგადოებისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ფაქტზე რეაგირება დიასპორისა და დიასპორასთან დამოკიდებულების გაჯანსაღების პროცესს ხელს შეუწყობს.
ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბადრიძის დაუყოვნებლივ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
შეგახსენებთ, ლონდონში საქართველოს საელჩოსთან ქართველი ემიგრანტების აქციაზე, სადაც მისი მონაწილეები ციხეებში პატიმრების წამებას აპროტესტებდნენ, საქართველოს ელჩმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.