„პიკ

„პიკ"-ის ჟურნალისტები პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და აშშ-ს ელჩს მიმართავენ

ტელეკომპანის  „პიკ"-ის ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის, დეპუტატებისა და აშშ-ის ელჩის სახელზე სპეციალური სხვადასხვა მიმართვები გაავრცელეს.

აშშ-ის ელჩისთვის განკუთვნილ მიმართვის ტექსტში ჟურნალისტები რიჩარდ ნორლანდს იმ მიზეზებზე უყვებიან, რომელთა გამოც არხმა მუშაობა შეწყვიტა. ამასთანავე ელჩს თხოვნით მიმართავენ მხარი დაუჭიროს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სახელდება "შეუთანხმებელი პროტესტი და ღია დემარში". მხედველობაში გვაქვს კითხვები, რომლებიც არხის ჟურნალისტებმა დასვეს პირდაპირ ეთერში აქციისას – "ვდუმვართ პროტესტის ნიშნად". მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ, ჟურნალისტები, მოვალე ვართ, დავსვათ კითხვები, თუნდაც ისინი "უხერხული" იყოს. თუ ჟურნალისტების კითხვები შეიძლება ტელეკომპანიის დახურვის მიზეზი გახდეს, მაშინ შეგვიძლია, ცენზურაზე ვისაუბროთ. აშშ თავისუფალი სამყაროს ლიდერია. ეს არის ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლება კითხვის ქვეშ არ დგას, სადაც კონსტიტუციით არის გარანტირებული ყველა მოქალაქის უფლება. გვწამს, რომ "პიკ"-ის არსებობა აუცილებელია საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ ჟურნალისტებს, რომლებმაც 3 წლიანი მაუწყებლობის მანძილზე მაყურებლის ნდობა დაიმსახურეს", - ნათქვამია მიმართვაში.

დეპუტატებისთვის განკუთვნილ მიმართვაში ტელეკომპანიის თანამშრომლები განმარტავენ, რომ "პიკ"-ი საქართველოში ერთადერთი რუსულენოვანი არხი და კავკასიის ისტორიაში უნიკალური მედიაპროექტია.

„მთავარ სამიზნე აუდიტორიას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, კავკასია, პოსტსაბჭოთა სივრცე და დასავლეთში მცხოვრები რუსულენოვანი ემიგრაცია წარმოადგენს. ტელეკომპანიას ჰყავს კორესპონდენტები ერევანში, ბაქოში, კიევში, მოსკოვსა და თელ-ავივში. ეს უნიკალური წყაროა, მიიღო ობიექტური ინფორმაცია ოპერატიულად რუსულ ენაზე", - ნათქვამია მიმართვაში.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ არხი ეთერში 2011 წლის დასაწყისში გავიდა და ხარვეზების გარეშე მუშაობდა.

"ჩვენი მთავარი სლოგანია - "ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები დუმან". პროფესიონალი ჟურნალისტების გუნდმა მოამზადა უამრავი ცხელი, ექსკლუზიური რეპორტაჟი, დოკუმენტური ფილმი და პროგრამა, რამაც ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია", - განმარტავენ ჟურნალისტები დეპუტატებისადმი მიმართვაში.