სააკაშვილი:    როგორც საქართველოს პრეზიდენტი და, ამავდროულად, ოპოზიციური ძალის ლიდერი, გავაგრძელებ საქართველოს პოპულარიზაციას

სააკაშვილი: როგორც საქართველოს პრეზიდენტი და, ამავდროულად, ოპოზიციური ძალის ლიდერი, გავაგრძელებ საქართველოს პოპულარიზაციას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუბაიში მსოფლიო „ენერგეტიკული საერთაშორისო ფორუმი 2012 მსოფლიო ლიდერებისთვის" მუშობაში მონაწილეობს.

 პრეზიდენტის განცხადებით,   ძალზე მნიშვნელოვანია,  საქართველოში გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა და განვითარდეს ეკონომიკა, გაჩნდეს ახალი საწარმოები და, შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილები.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავარღვიოთ საქართველოში ტრადიციულად არსებული ოპოზიციური ტენდენცია. ოპოზიციის მთავარი ფუნქცია იყო საკუთარი ქვეყნის ლანძღვა და მთელი მსოფლიოსთვის იმის მოყოლა, თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში კვლავაც უნდა გაგრძელდეს ის აღმშენებლობა და პროგრესი, რომელიც ამ მთავრობის მმართველობის პერიოდში დაიწყო.

„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და, ამავდროულად, ოპოზიციური ძალის ლიდერი, გავაგრძელებ საქართველოს პოპულარიზაციას და დანარჩენ მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას კვლავაც გავაცნობ, ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო დანიშნულების ადგილად. სამუშაო ადგილებს ქმნის არა რაიმე სხვა ფაქტორი, არამედ ერთადერთი რამ - ჩვენს ეკონომიკაში ჩადებული ფული, ახალი საწარმოები, ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი პორტები, რაც, შესაბამისად, აისახება საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასა და ოჯახების შემოსავლის ზრდაზე.

 აქ იმართება ენერგეტიკული ფორუმი და მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჰიდროელექტროსადგურების, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობის შეჩერება, რადგან საქართველოში ეს ენერგეტიკულ პრობლემებს, დენის დეფიციტს წარმოქმნის და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. თუკი ამას მაინც გააკეთებენ - ასეთი იყო წინასაარჩევნო რიტორიკა - ეს დიდი შეცდომა იქნება. მიმაჩნია, რომ ასევე დიდი შეცდომაა  გაჩერდეს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ახალი პორტების მშენებლობა, რადგან ეს შექმნიდა ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს.

ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში, გარდა იმისა, რომ ჩვენმა მთავრობამ ახალ ხელისუფლებას ბიუჯეტში ძალიან ბევრი ფული დაუტოვა, ფაქტი ჯიუტია - საქართველოში პენსია გაიზარდა 10-ჯერ, დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა 100-ჯერ, აშენდა ახალი სავადმყოფოები... კარგი იქნება, თუ ახალი მთავრობა იმუშავებს ყოველივე ამის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

ფორუმის მთავარი თემა უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის გამომუშავების გზების მოძიებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში სოციალური და ეკონომიკური განვითარების მტკიცე საფუძველს შექმნის. კონფერენციაში მონაწილე ლიდერებმა 22 ოქტომბერი ენერგეტიკის მსოფლიო დღედ გამოაცხადეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2012 წელი მდგრადი ენერგიტიკის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული.

დუბაიში მიმდინარე ფორუმს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიწვეული 2500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მთავრობის მეთაურები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.