"მზად ვარ, დეპუტატების ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხო“, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მას დღეს რამდენიმე კომიტეტში მოუსმენენ, თუმცა სრული მზადყოფნა გამოთქვა უპასუხოს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლების შეკითხვებს.
„რაც შეეხება ჩემს პრიორიტეტებს, მინდა ჯერ ამის შესახებ მათ მოვუყვე და შემდეგ ვისაუბრო ამ საკითხზე ჟურნალისტებთან", - განაცხადა მან.
თუმცა ღარიბაშვილმა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაინც დაასახელა, მისი განმარტებით, მთავარი ამოცანა პოლიციის დეპოლიტიზება იქნება, რისი მიღწევაც მისი თქმით, მარტივად მიიღწევა, თუ კი პოლიტიკური დაკვეთები არ გაიცემა.
„პოლიცია უნდა ემსახურებოდეს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ ხალხს. ეს იყო დიდი დანაშაული და უნდა დასრულდეს. მინისტრის საქმიანობა თავისი შინაარსით უნდა იყოს გამჭვირვალე და მხოლოდ შენობის გამჭვირვალობა საკმარისი არ არის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პარლამენტის კომიტეტბში დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენები იწყება. მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში უკვე იკრიბებიან.