„რუსთაველის კლუბის“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

„რუსთაველის კლუბის“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი  „რუსთაველის კლუბის“ პრეზენტაციას უმასპინძლებს. კლუბის  დამფუძნებლები არიან  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი – გიორგი კეკელიძე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგი – ქეთევან სირაძე და  იდეისა ავტორი – თამარ ბარისაშვილი.

ამ კლუბის დაფუძნება უკავშირდება ეროვნული ბიბლიოთეკის სივრცეში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგისეული გამოცემის 300 წლისთავს და ქართველი მეცნიერის, ბატონ რევაზ სირაძის სახელს. 2001 წლიდან ბატონი რევაზი იყო საგანმანათლებლო–ლიტერატურული პროექტის „ვკითხულობთ რუსთაველს“ კონსულტანტი, ქომაგი, ჟიურის საპატიო წევრი. მოზარდებთან უშუალო შეხვედრებითა და საუბრებით, საქართველოს მასწავლებელთა კორპუსთან ინტენსიური თანამშრომლობით, მეცნიერული ღვაწლითა და ბოლო პერიოდში გამოცემული კვლევებით, ბატონი რევაზი ახალგაზრდებს ამზადებდა ესთეტიკის საკითხებზე თეორიული მსჯელობისათვის, უვითარებდა მათ გემოვნებასა და შემოქმედებით ხედვას, უმუშავებდა მშვენიერების აღქმის უნარს, რათა მოსწავლეები უკეთ ჩასწვდომოდნენ ლიტერატურული ღირებულებების არსს, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ სამყაროსა თუ პოემის მხატვრულ შინაარსს.

მეცნიერს ღრმად სწამდა, რომ XXI საუკუნის ახალგაზრდობას აინტერესებს ფრესკული ხელოვნებაც და ქართული მწერლობაც, რენესანსული მხატვრობაც და ხუროთმოძღვრებაც, ფიქრობენ იმ კანონზომიერებებზეც, რაც მათ შორის არსებობს.

კლუბის კოორდინატორები არიან: ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტი დირექტორის მოადგილე  – გიორგი კილაძე და  ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი  – ნინო ხვედელიძე