დღეს კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ

დღეს კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში დღის განმავლობაში,  რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომაა დაგეგმილი. შესაბამისად, მინისტრობის კანდიდატებს დღეს კომიტეტებში მოუსმენენ.

კომიტეტებში მიწვეული არიან - მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ლევან ყიფიანი, თეა წულუკიანი,  ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ალასანია, დავით დარახველიძე, პაატა ზაქარეიშვილი, დავით სერგენკო, დავით კირვალიძე, გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ნოდარ ხადური,  ხათუნა გოგალაძე,  კოტე სურგულაძე, კახა კალაძე და დავით ნარმანია.

საკომიტეტო მოსმენები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ კი, მთავრობის წევრობის კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში შეხვდებიან.

უმცირესობის ფორმატში გამართულ ხვალინდელ მოსმენაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი. მასთან შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს.

ხუთშაბათს პარლამენტი პლენარულ სხდომას გამართავს და ნდობას გამოუცხადებს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას - „ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველოსთვის“.

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამა ოფიციალურად პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა.