ჯეიმს აპატურაი: დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის წინ წაწიოს ურთიერთობა ნატოსთან

ჯეიმს აპატურაი: დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის წინ წაწიოს ურთიერთობა ნატოსთან

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი დარწმუნებულია რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მზად არის იგივე გეზი განაგრძოს და წინ წასწიოს ურთიერთობა ნატოსთან. ამის შესახებ აპატურაიმ „ამერიკის ხმას"განუცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან დაინახა ახალი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს ნატოსთან და მისი დახმარება და თანადგომა მიიღოს.

ამასთანავე, ის კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ორივე მხარე კონსენსუსს აღწევს იმ მთავარ თემაზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება - იქნება ეს კარგი ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან, ტერიტორიული მთლიანობა თუ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის იგივე გეზი განაგრძოს და წინ წაწიოს ურთიერთობა ნატოსთან. შესაბამისად, ნატოც ერთგული რჩება იმ დაპირებებისა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირდა", - დასძინა აპატურაიმ.

ამასთან, აპატურაიმ აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა.

"დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მთავრობის ცვლილება და ძალაუფლების გადაცემა საარჩევნო ყუთის საშუალებით, მშვიდობიანი გზით მოხდა. საქართველოში ყოფნისას მომსწრე გავხდი ისტორიული მოვლენისა, როდესაც ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენლები საათების მანძილზე ერთად ისხდნენ და ქვეყნისთვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს განიხილავდნენ", - განაცხადა აპატურაიმ.