არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის მორიგი რეკომენდაციით მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის მორიგი რეკომენდაციით მიმართავენ

11- მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატთან დავით დარახველიძესთან გუშინ, გვიან ღამით გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილისადმი მორიგი  რეკომენდაცია გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებიან საჯარო გამონათქვამებს და თანასწორობის პრინციპის დაცვას უზრუნველყოფენ.

განცხადების ტექსტი ბიძინა ივანიშვილს დღეს გადაეგზავნება.

დარახველიძემ შეხვედრის შემდეგ თავის განცხადებებთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

„ბოლო დღეებში იმ შეცდომებთან დაკავშირებით, რაც მე ჟურნალისტებთან ცალკეული გამონათქვამების გამო დამემართა, წარმოქმნილი აჟიოტაჟის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი. ჩემი მხრიდან ეს განცხადებები არ ყოფილა. ჩემგან იყო დაშვებული შეცდომა, რომელსაც შეიძლებოდა ასეთი ინტერპრეტაციაც ჰქონოდა და ძალიან კარგია, რომ ყველაფერი გავარკვიეთ“,- განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 19 ოქტომბერს გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რადგან მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს, გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ასევე, აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას.