ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ „თელასი „ კერძო კომპანიაა, მისი აქციების 25 % სახელმწიფო ფლობს. შესაბამისად, ის ზურაბ არსოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არსოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
კალაძის განცხადებით, „თელასიდან“ პოლიტიკური ნიშნით იქნენ გათავისუფლებული ის ადამიანები, რომლებმაც კომპანიის ოფისთან ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
„მე ვიცი ამ პრობლემის შესახებ და ვეთანხმები იმ ადამიანებს, ისინი სამსახურიდან განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. მათ ნაცვლად არაპროფესიონალები მიიღეს, ძირითადად - ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები“, - განაცხადა კალაძემ.
საპროტესტო აქცია კომპანიის ოფისთან რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს.
„თელასის“ გენერალურმა დირექტორმა აშოტ მანუკიანმა კომპანიის კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება.