აფხაზეთიდან დევნილთა ერთი ჯგუფი დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის გამართვას გეგმავს. ისინი ლტოლვილთა სამინისტროს დევნილებს შორის შუღლის ჩამოგდებასა და მათდამი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. ისინი მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ კი ლელა გულედანის დანიშვნას მოითხოვენ. დევნილთა ჯგუფი სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს.
„სამინისტრო არათუ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდა, არამედ ხელოვნურად აგდებდა შუღლს დევნილებს შორის, რათა დევნილებს ვერ მოეხერხებინათ ერთობლივი ინტერესების ირგვლივ გაერთიანება და ბრძოლა. ასევე შეურაცხმყოფელი იყო მათი არაჰუმანური და არაადამიანური დამოკიდებულება, რამაც დევნილი ქალბატონის სიცოცხლეც შეიწირა",-აღნიშნულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
"ჩვენი მოქლაქეობრივი ვალია მკაცრად მოვითხოვოთ ხელმძღვანელ პოზიციებზე დაინიშნონ ადამიანები, ვინც ადამიანებად ჩაგვთვლიან, მოგვისმენენ, სიტყვებით მოგვეფერებიან და რეალურად იზრუნებენ ჩვენზე. ჩვენი მოთხოვნაა ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნოს ქალბატონი ლელა გულედანი, რომელიც რამდენიმე წელია იბრძვის ჩვენი უფლებებისთვის და მხარში გვიდგას. ის სოხუმელია და გამოვლილი აქვს ის ტრაგედია, რაც ყველას თავს დაგვატყდა. ის არის სამი შვილის დედა და პატრიოტი ადამიანი. ასევე, შესწევს ძალა და უნარი, ღირსეულად გაუძღვეს ამ საქმიანობას",-აცხადებენ აფხაზეთიდან დევნილები.