პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის უკვე წარუდგინა

პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის უკვე წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის უკვე წარუდგინა. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს წევრებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით პრეზიდენტმა დღესვე ახალი სამთავრობო პროგრამა - „ძლიერი დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის"  წარმოადგინა.

როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრები გაიმართება კომიტეტებსა და ფრაქციებში დღეს და ხვალ, ხოლო ხუთშაბათს, 12.00 საათზე, პლენარული სხდომა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.

ამასთანავე, ხუთშაბათის პლენარულ სხდომამდე, ოთხშაბათს საღამოს გაიმართება ბიუროს კიდევ ერთი სხდომა, სადაც კომიტეტებისა და ფრაქციების მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და შეფასებებს შეაჯამებენ.

დღესვე ბიუროს წევრები შეთანხმდებიან მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენის გრაფიკზე.

ამასთან, პარლამენტის ბიუროს სხდომა პირველად ტარდება ჟურნალისტების გარეშე. სხდომის დაწყების წინ მხოლოდ ტელეოპერატორები შეუშვეს და ასევე პრესისა და სააგენტოების თანამშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეეტანათ ჩამწერი საშუალებები.