სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტუღუში არაკორექტულს უწოდებს განცხადებას, რომელიც ორი თანამდებობის ერთდროულად დაკავებას უკავშირდებოდა.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პირადად არაერთხელ განუცხადებია, რომ დატოვა ომბუდსმენის პოსტი, რის შემდეგაც დაიკავა მინისტრის თანამდებობა.
მისი განმარტებით, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, მისი ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ სახალხო დამცველის მოვალეობას ასრულებს, , სახალხო დამცველის მაშინდელი მოადგილე ტატა ხუნწარია.
„თუ კონკრეტულ პირებს სურვილი აქვთ, ომბუდსმენის არჩევის ვადა გაახანგრძლივონ, ამისთვის გარკვეული ფორმალობები მოიშველიონ. არ ვიცი, მე თანამდებობა დავტოვე სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად და გადავდექი თანამდებობიდან, რის შემდეგაც დავიკავე მინისტრის თანამდებობა, რომელიც შეუფერებელი იყო სახალხო დამცველის თანამდებობასთან. მე სექტემბრიდან მოყოლებული ვარ მინისტრი და კიდევ ალბათ რამდენიმე დღე მომიწევს მინისტრობა. რაც შეეხება ომბუდსმენობას, მე ეს თანამდებობა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დავტოვე", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება მისი მხრიდან განცხადების დაწერა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, როგორც გიორგი ტუღუში აცხადებს, ორგანულ კანონში არ არის მითითებული, რომ ვინმესთვის უნდა მიემართა განცხადებით.
"არსად არ არის მითითებული, ვისთვის უნდა მიმემართა განცხადებით. მართლაც საინტერესოა ვისთვის, პარლამენტისთვის, რომელიც არ ფუნქციონირებდა და ერთ კვირაში იყო არჩევნები, თუ - ვისთვის. ორგანულ კანონში არ არის მითითებული, რომ მე ვინმეს უნდა მივმართო განცხადებით ამ საკითხზე. პირადი ნებით დავტოვე თანამდებობა, რაზეც საჯაროდ განვაცხადე, რის შემდეგ მე სახალხო დამცველის აპარატთან არანაირი შეხება აღარ მქონია", - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი ტუღუშს, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრია, სახალხო დამცველის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არც საკუთარი აპარატის და არც პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.
"როგორც აღმოჩნდა, გიორგი ტუღუშს სახალხო დამცველის პოსტიდან წასვლის თაობაზე არანაირი განცხადება არ დაუწერია და არც თავისი აპარატისა და არც პარლამენტისთვის მიუმართავს. შესაბამისად, საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, როცა სახალხო დამცველს დაკავებული აქვს ახალი თანამდებობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.