კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, საგამოძიებო კომისია არა კონკრეტული პიროვნებების საქმეს, არამედ კონკრეტულ დანაშაულებს შეისწავლის, რომელსაც რვა წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი.
შესაბამისად, შეისწავლის თუ არა საგამოძიებო კომისია თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი შაშკინის საქმეს, ჯერჯერობით უცნობია.
„კომისია, არაცერთი ადამიანის საქმის შესწავლას არ აპირებს. დანაშაულები პასუხისმგებელ პირებს თვითონ გამოკვეთს. ამიტომ, მე არცერთი გვარი და სახელი არ მაინტერესებს. მაინტერესებს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს და მოქალაქეებს კანონის და სასამართლოს რწმენა და იმედი დაუბრუნდეთ“ - განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო კომისიაში შესული კონკრეტული საქმე ვინმეს დანაშაულს გამოვლენს, იმუნიტეტი არც ერთ პიროვნებას არ დაიცავს.