გიორგი ბარათელი დაკავებისა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს - ეს ყველაფერი ხდება დღისით,  შარაძე კი, ღამით მოკლეს

გიორგი ბარათელი დაკავებისა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს - ეს ყველაფერი ხდება დღისით, შარაძე კი, ღამით მოკლეს

გურამ  შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის გიორგი ბარათელის  მტკიცებით, მისი დაკავების მომენტში, გურამ შარაძე ცოცხალი იყო.

გიორგი ბარათელის დაკავებისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის დეტალების შესახებ, ბარათელთან შეხვედრის შემდეგ,  ადვოკატი  მამუკა ნოზაძე საუბრობს.

„როგორც ბარათელი ამბობს, ის პირველად ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა სამმა პოლიციელმა და თბილისის ზღვაზე აიყვანა. თავად ამბობს,  რომ საათი ზუსტად არ ახსოვს,  მაგრამ დღე იყო. ზღვაზე მას უთხრეს, რომ შარაძის მკვლელობა უნდა ეღიარებინა, ამასთან ხელში პოლიციელმა დააჭერინა „TT“-ს ტიპის იარაღი, თითი გამოაკვრევინა, მასრა და იარაღი კი დაიტოვეს.

 ბარათელმა გაქცევა სცადა, რა დროსაც ის დაჭრეს და ნაჭრილობევი დღესაც ეტყობა. შემდეგ წაიყვანეს, ზუსტად არ იცის სად, 15 წუთის განმავლობაში გარაჟში ჰყავდათ დატყვევებული, ამის შემდეგ კი,   ძველი თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ, სამედიცინო დახმარება არ გაეწია და მასზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.

 პროკურორის გამოცხადების შემდეგ,  ცემა შეწყდა და დაიწყო მოლაპარაკება. პროკურორი დაინტერესდა, იყო თუ არა შარაძე არატრადიციული ორიენტაციის და მსგავსი საკითხებით. ამასთან, პროკურორმა თქვა,  რომ შარაძე სიკვდილის ღირსი იყო. ეს ყველაფერი ხდება დღისით,  შარაძე კი ღამით მოკლეს“,- განაცხადა გიორგი ბარათელზე დაყრდნობით ადვოკატმა.

ადვოკატი ამბობს, რომ  პოლიციელებისა და პროკურორის ამოცნობა ბარათელს შეუძლია. ისინი მას აღიარების სანაცვლოდ 3 წელიწადსა და შემდეგ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

ადვოკატი ბარათელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ის შემდეგ ვერაზე გადაიყვანეს და დატოვეს. ნოძაზის თქმით, ბარათელი ამბობს, რომ ის სუსტად იყო და გაქცევა არც უცდია.

„ნელი სვლით წავიდა სამარშრუტო ტაქსისკენ და ავიდა კიდეც. ამის შემდეგ,  მას უკვე სპეცრაზმი აკავებს. ბარათელი ამბობს, რომ მისით დაინტერესება სავარაუდოდ იმ გარემოებამ გამოიწვია,  რომ პოლიციამ იცოდა მისი ახლო კავშირი შარაძეების ოჯახთან და ამასთანავე მისი პრობლემები სამართალდამცველებთან. მას ექიმ ტირზეკინას დაჭრას ედავებოდნენ.

 ის ასევე საუბრობს მის პროკურორზე გიორგი ჩივიაშვილზე, რომელიც ამ დროისთვის კახეთის საოლქო პროკურორია და ამბობს, რომ ჩივიაშვილმა მას უთხრა, ვიცი რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ მე ვერ გიშველი, რადგან ეს ზემოთ არის გადაწყვეტილიო. ამასთან ის აღნიშნავს, რომ აღიარებითი ჩვენების ტექსტი პროკურატურას ეკუთვნოდა“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატმა ჟურნალისტებს ბარათელის მიერ პროკურატურისთვის გამოგზავნილი განცხადების შინაარსიც გააცნო, სადაც მსჯავრდებული ამბობს, რომ შარაძის საქმე გაუხსნელია, მას ბრალი იძულებით აღიარებინეს და ხელმეორედ დაკითხვას ითხოვს.  

ცნობისთვის, გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს 20:30 საათზე რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მისი მკვლელობისთვის გიორგი ბარათელს 26 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.