სააქციო საზოგადოება „თელასის" კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი უფასო შვებულებაში გავიდა.
როგორც დღეს „თელასის" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აშოტ მანუკიანმა განაცხადა, არსოშვილმა შვებულებაში გაშვების თხოვნით უშუალოდ მას რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
ამაზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა მანუკიანს შეახსენა, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, ანაზღაურებად შვებულებაში გასვლა მუშაკს 11-თვიანი მუშაობის შემდეგ შეუძლია.
მანუკიანმა პეტრიაშვილს უპასუხა, რომ გენერალურ დირექტორს თანამშრომლის უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება აქვს.
ამასთან, მომიტინგეებთან შეხვედრისას აშოტ მანუკიანმა მათ განუცხადა, რომ ძველი პრემიალური სისტემა აღდგება.
„გადაიხედება ხელფასების საკითხიც, ხოლო გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება“, - აღნიშნა მან.