ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საერთაშორისო ფასების შემცირებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ქართულ ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Pლატტს-ის მიხედვით კლებულობს. განსაკუთრებით შემცირებულია ბენზინის ფასი. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის შემდეგ ბენზინის საერთაშორისო ფასი დაკლებულია 124.75 დოლარით/ტონაზე, დიზელის ფასი კი - 22 დოლარით/ტონაზე. ამავე პერიოდში იკლებს ასევე ნავთობის ფასი მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე. კერძოდ, ლონდონში Intercontinental Exchange Futures Eureope -ზე ნავთობის ფასი შემცირებულია 4.19 დოლარით 114.33 დოლარიდან 110.14 დოლარამდე, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX)-ზე კი 1.2 დოლარით 91.25 დოლარიდან 90.05 დოლარამდე. საერთაშორისო ფასების შემცირება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით - პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მსოფლიოში ნავთობზე გლობალური მოთხოვნილების შემცირების საშიშროება, რომელიც დაკავშირებულია თავის მხრივ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ ორ მომხმარებელ ქვეყანაში - ჩინეთსა და აშშ-ში. კერძოდ, ჩინეთში უკვე მე-7 კვარტალია ზედიზედ მცირდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, აშშ-ში კი გამოქვეყნდა შრომითი დასაქმების უარყოფითი სტატისტიკური მონაცემები.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, საწვავის ფასების კორექტირება ზემოაღნიშნულ პერიოდში ერთხელ კლების მიმართულებით 4-6 თეთრით ლიტრაზე მოხდა. უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ფასების შემცირებიდან გამომდინარე, ფასების კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს", - ნათქვამია განცხადებაში.