ზაზა ხატიაშვილი   უფასო    იურიდიული დაცვის სამსახურის ადვოკატთა ასაციაციისთვის დაბრუნებას ითხოვს

ზაზა ხატიაშვილი უფასო იურიდიული დაცვის სამსახურის ადვოკატთა ასაციაციისთვის დაბრუნებას ითხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ასოციაციისთვის უფასო იურიდიული სამსახურის აღდგენის თხოვნით მიმართავს.

ხატიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმმა მოსპო თავისუფალი პროფესია-ადვოკატი და იგი სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დაუქვემდებარა, რაც არც ბელორუსიასა და არც სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება.

„თუ გადავხედავთ  სააკაშვილის  რეჟიმის მმართველობის პერიოდს, ყველაზე დიდი დარტყმა ადვოკატთა კორპუსმა მიიღო. ბოლო შვიდი წლის მანძილზე, მოქმედმა რეჟიმმა 147 ადვოკატი გაასამართლა, რაც ორჯერ აღემატება საბჭოთა იმპერიის მიერ, 73 წლის მანძილზე გასამართლებულ ადვოკატთა რაოდენობას. 18  სექტემბერს ყველამ ვიხილეთ ტელევიზიით საპატიმრო დაწესებულებებში  პატიმრებზე  სქესობრივი ძალადობის ფაქტები, რასაც მასიური ხასიათი ჰქონდა. იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს აღნიშნული ძალადობა, საჭიროა სასწრაფოდ ადვოკატთა ასოციაციას სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებული უფასო იურიდიული დაცვის სამსახური დაუბრუნდეს, რომელიც თვით საბჭოთა იმპერიის წლებში იყო ადვოკატთა კოლეგიის ქოლგის ქვეშ. მსოფლიო ისტორიას ადვოკატთა კორპუსზე მსგავსი ძალადობა არ ახსოვს. სააკაშვილის რეჟიმმა მოსპო თავისუფალი პროფესია - ადვოკატი და იგი სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დაუქვემდებარა. ასეთი რამ არც ბელორუსიაში და არც სხვა ანტიდემოკრატიულ სახელმწიფოში  არ ხდება.  ძნელი წარმოსადგენია ის, რაც საქართველოში ხდებოდა.   სასჯელაღსრულების, პრობაციის  იურიდიული  დახმარების სამინისტროს  საპატიმრო დაწესებულებებში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიების უფლება ჰქონდა და  ხშირ შემთხვევაში  ამგვარ საქმეებზე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ადვოკატი მონაწილეობდა.  დაკავებულ პატიმრებზე ხდებოდა ძალადობა, რათა მათ ადვოკატები სწორედ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აეყვანათ, რაც წარმოადგენდა დაცვის ინსტიტუტის, როგორც თავისუფალი პროფესიის განადგურებას. სწორედ აღნიშნულმა მოვლენამ განაპირობა ის საშინელებები, რაც საპატიმრო დაწესებულებებში ხდებოდა“,- მიმართავს ხატიაშვილი უსუფაშვილს.  

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, პარლამენტმა  ხელი შეუწყოს, რათა ადვოკატთა კორპუსს მიეცეს საშუალება დაცვის ფუნქცია ღირსეულად და პროფესიონალურად განახორციელოს.

„ბატონო დავით, მისასალმებელია თქვენი ინიციატივა სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებების შესწავლისა და დაზარალებულთათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების, ფუნქციების დაბრუნების თუ შელახული ღირსების  აღდგენის შესახებ. მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ შევიდეს საკანონმდებლო  ცვლილებები  და  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, როგორც დაზარალებულ  ორგანიზაციას, სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებული  უფასო იურიდიული სამსახური დაუბრუნოთ, რათა ადვოკატთა კორპუსს მიეცეს საშუალება დაცვის ფუნქცია ღირსეულად და პროფესიონალურად განახორციელოს“, - აცხადებს ხატიაშვილი.