ლადო გურგენიძე: გოგუაძეს მარტივი მიზეზის გამო არ დავეკონტაქტები - არ არსებობს არანაირი „პრობლემა“ რომელიც მოლაპარაკების გზით საჭიროებდეს გადაჭრას

ლადო გურგენიძე: გოგუაძეს მარტივი მიზეზის გამო არ დავეკონტაქტები - არ არსებობს არანაირი „პრობლემა“ რომელიც მოლაპარაკების გზით საჭიროებდეს გადაჭრას

"ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი, ლადო გურგენიძე „სახალხო ბანკის“ ხელმძღვანელის გიორგი გოგუაძის  მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც გოგუაძე „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელებთან კონტაქტზე და მათი მხრიდან შემოთავაზებულ პრობლემების მოლაპარაკებების და კონსტრუქციული გზით გადაჭრაზე საუბრობს.

როგორც გურგენიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არც გიორგი გოგუაძეს და არც „სახალხო ბანკის“ სხვა წარმომადგენელს, არც თვითონ და არც ბანკის სხვა რომელიმე თანამშრომელი არ დაკავშირებია და მსგავსი შეთავაზება არ ჰქონია.

მისი თქმით, გოგუაძემ მას სწორედ პარასკევის მერე დაურეკა და ჟურნალისტებს ამის გადამოწმებისკენაც მოუწოდა.

„მე მასთან დარეკვას არ ვაპირებ ერთი მარტივი მიზეზის გამო. არ არსებობს არანაირი „პრობლემა“ რომელიც მოლაპარაკების ან სხვა რაიმე გზით საჭიროებდეს გადაჭრას. შესაბამისად, არ არსებულ პრობლემაზე ლაპარაკი საჭირო არ არის. მე მასთან არ მქონია კონტაქტი 2005 წლის შემდეგ, როცა „საქართველოს ბანკში“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოვიდა. „სახალხო ბანკის“ სხვა აქციონერებს არც კი ვიცნობ და არც არასოდეს მქონია მათთან კონტაქტი“, - განაცხადა გურგენიძემ.

გურგენიძის განმარტებით, მან აღნიშნული ბანკის 91% 2009 წლის სექტემბერში 15 მილიონ დოლარად იმ დროინდელი ბანკის მფლობელებისგან მაშინ შეიძინა, როცა ბანკმა ფაქტიურად „კლინიკური სიკვდილი“ გადაიტანა.

მისი თქმით, მაშინ ბანკის მთელი წილის შეფასება 16.4 მილიონი დოლარი იყო.

„მას შემდეგ დღევანდელი ინვესტიციის ჩათვლით ჩვენ ლიბერთი ჯგუფმა „ლიბერთი ბანკის“ სააქციო კაპიტალში 30 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია განვახორციელეთ. სხვა პირებმა ასევე 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ანუ ჯამში ამ სამი წლის მანძილზე 41 მილიონი დოლარით არის სააქციო კაპიტალი გაზრდილი ჩვენი და სხვა ინვესტრორების მიერ“, - აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, გოგუაძე თავად იქცევა არაკონსტრუქციულად, როცა ასეთ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს.

„გოგუაძე აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებებს და პრობლემების გადაჭრას კონსტრუქციული გზით აპირებენ.თუმცა ჩვენთან დალაპარაკების მცდელობა არ ჰქონია პარასკევს დააანონსებული განცხადების გაკეთებამდე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი ქმედება არ არის კონსტრუქციული. მე ასეთ შეფასებას ვაძლევ ამ ყველაფერს“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება გოგუაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბანკებში არ სურს რაღაც რყევების გამოწვევა, გურგენიძე განმარტავს, რომ ის რყევებს ნამდვილად ვერ გამოიწვევს.

„თუმცა ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკი“ ინტენსიურად ესაუბრება რამდენიმე უცხოელ ინვესტორს სააქციო კაპიტალში შემოსვლაზე და ამ კაპიტალის კიდევ უფრო  გაზრდაზე, რომ შემდგომ ჩვენი განვითარება დაფინანსდეს. ბუნებრივია ასეთი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებები ამ პროცესს ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს, პირიქით, აფერხებს მას. ასეთ დროს ასეთი ინვესტიციები ან დაგვიანებით შემოვა და ან ნაკლებად შემოვა, ან საერთოდ შეჩერდება, რაც საბოლოოდ დააზარალებს ბანკის კლიენტურას და აქციონერებს“, - აღნიშნა მან.

გურგენიძის თქმითვე, ბანკის სააქციო კაპიტალი გაიზარდა და ის 95,6 მილიონ ლარს გაუტოლდა.