პარლამენტში ბიუროს პირველი სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ბიუროს პირველი სხდომა მიმდინარეობს

ქუთაისის პარლამენტში ამ წუთებში ბიუროს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე  პლენარული სხდომების დღის წესრიგი და მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განისაზღვროს.

სხდომას ჟურნალისტები არ ესწრებიან.

სხდომის დაწყების წინ პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიუროს სხდომაზე დაუშვეს მხოლოდ ოპერატორები,  ასევე შეიტანეს პრესის წარმომადგენლების ჩამწერი საშუალებები, თუმცა თავად ჟურნალისტებს ბიუროს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

სავარაუდოდ, მედია ასეთი ფორმით გააგრძელებს მუშაობას არა მხოლოდ ბიუროს სხდომებზე, არამედ პლენარულ და საკომიტეტო მოსმენების დროსაც.

პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მედიაცენტრში შეიქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა თვალყური ადევნონ პარლამენტის მუშაობას.

პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი მინისტრობის კანდიდატებისა და ახალი სამთავრობო პროგრამის კომიტეტებში განხილვა ხვალიდან დაიწყება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 25 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს.