გიორგი მოსიძე: თეა წულუკიანის დარი იუსტიციის მინისტრი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვყოლია

გიორგი მოსიძე: თეა წულუკიანის დარი იუსტიციის მინისტრი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვყოლია

"რა, სად,  როდის“  წამყვანი და ავტორი გიორგი მოსიძე სოციალურ ქსელ „facebook“-ის საკუთარ გვერდზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად თეა წულუკიანის წარდგენას მიესალმება და აღნიშნავს, რომ „თეა წულუკიანის დარი იუსტიციის მინისტრი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვყოლია“.

 გიორგი მოსიძე 1999 წელს სტრასბურგში ყოფნის დროს იხსნებეს და აცხადებს, რომ წულუკიანი იყო ის ადამიანი,  ვინც მთელი ENA გადარია.

მოსიძე აღნიშნავს, რომ წულუკიანს პირადად არ იცნობს,თუმცა მისი თქმით, მის  კანდიდატურას მხარს ორი ხელით უჭერს.

 „1999 წელს სტრასბურგში ვიყავი ევროსაბჭოს ახალგაზრდულ ცენტრში რაღაც სემინარზე. სემინარის მონაწილეები წაგვიყვანეს ENA-ში (École nationale d'administration) ეს არის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული, რთულადჩასაბარებელი, რთულადსასწავლი და პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი), მიმოხილვითი ექსკურსია ჩაგვიტარეს და მერე რექტორი (თუ პრორექტორი, ზუსტად არ მახსოვს) შეგვხდა და ჩვენს კითხვებს უპასუხა. კითხვის დასმის წინ საკუთარ სახელს და ქვეყანას ვასახელებდით. „ჟორჟიაო“, რომ გაიგო რექტორმა,  „მოიცა რა უნდა გითხრაო... შარშან პირველად მივიღეთ ქართველიო! ეგეთი რამის მნახველი მე არ ვარო! №1 სტუდენტია კურსზეო... რა ფრანგები, რის ფრანგები, ერთი ქართველი გოგოა,  მსგავსი არაფერი მინახია ამ სკოლაშიო. თქვენ, ქართველები,  ვინ ყოფილხართო... ეგეთი ნიჭიერები და შრომისმოყვარეები თუ იყავით, ვერც წარმოვიდგენდიო. კიდევ მიგიღებთ მომავალში, ისეთი კმაყოფილები ვართო...“იმდენად აჟიტირებული იყო ფრანგი რექტორი, რომ მეც გადმომედო მისი ენთუზიაზმი და მერე რამდენიმე თვე იდეები მაწუხებდა ფრანგული მესწავლა და მაგ სკოლაში ჩამებარებინა. რასაკვირველია, მე ეს ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ვერც სათანადოდ ნიჭიერი აღმოვჩნდი (ფრანგულის სწავლის ამბავში) და შრომისმოყვარეობაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ არის... )

ის გოგო, რომელმაც მთელი ENA გადარია იყო თეა წულუკიანი! შემდგომში ევროსაბჭოს ბევრ ღონისძიებაზე ჩავსულვარ სტრასბურგში (როგორც თბილისის საკრებულოს წევრი) და მუდმივად მესმოდა უცხოელების (არა ქართველების) აღტაცებული ეპითეტები ქართველი გოგოს მიმართ, რომელიც ადამიანის უფლებათა სასამართლოში მუშაობდა...

დღეს მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა: თეა წულუკიანის დარი იუსტიციის მინისტრი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვყოლია (მანამდე ხომ გასახსენებლადაც არ ღირს). ასეთი მომზადებული, ღრმად პროფესიონალური, ფასეულობების ერთგული და ბოლომდე დამცველი, სამართლიანი და საქმეში მედგარი იუსტიციის მინისტრი ჩვენ არ გვყოლია და მადლობა ღმერთს, რომ ეს გოგო ჩამოვიდა და ეს უმძიმესი ტვირთი თავის თავზე აიღო. მე თეას პირადად არ ვიცნობ, არც შევხვედრივარ როდისმე, ამიტომ მინდა აქედან ვუთხრა: შენ გაიხარე,  თეა! შენ თუ შესძლებ ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ამუშავებას - ბარაქალა, შენს ყმაწვილქალობას! მე, როგორც ბევრი სხვა,  საკმაო სკეპტიციზმით ვუდგები ზოგიერთი ახალი მინისტრის კანდიდატურას, მაგრამ თეა წულუკიანის კანდიდატურას ორი ხელით ვუჭერ მხარს!“- წერს მოსიძე facebook“-ის საკუთარ გვერდზე.