კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების ყოფილი დირექტორის, ექსპერტის საარჩევნო საკითხებში ნინა ხატისკაცის სახალხო დამცველის პოსტზე განხილვას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ომბუდსმენის პოსტზე ბევრ კანდიდატზე საუბრობენ, თუმცა კოალიციას ამ დრომდე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.
„რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია. ჩვენ არ გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია. მე ერთი შემიძლია განვაცხადო, რომ ომბუდმსენები უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენთაგანი, რომ ამ სამსახურს ხიბლი დავუკარგოთ. ნომერ პირველი ომბუდსმენი კი მე ვიქნები. ასეთი პრეტენზია მაქვს. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ამ თანამდებობაზე ღირსეული ადამიანი ავირჩიოთ და შესაბამის კანდიდატურებს აუცილებლად განვიხილავთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.