უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს დავით დარჩიაშვილს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილების შეფასება, რომლის თანახმადაც მან საქართველო დატოვა უჭირს.
დარჩიაშვილის თქმით, ის, როგორც ყოფილი უმრავლესობის წარმომადგენელი ამ გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმირებული არ ყოფილა და აღნიშნა, რომ როდესაც პარლამენტი ამოქმედდება ყველაფერს ნათელი მოეფინება.
დარჩიაშვილი შაშკინის წინააღმდეგ, მუქარის და ზეწოლის განხორციელებასაც არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერ ეს გასარკვევია.
„შაშკინის გადაწყვეტილების შესახებ ალბათ, თანდათანობით გაირკვევა, განიცდიდა თუ არა ეს ადამიანი გარკვეულ ზეწოლას, მუქარას, თუ უბრალოდ, გადაიღალა და ახალი სამსახური იშოვა. თავის დროზე, ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და არ გამოვრიცხავ საერთაშორისო დონეზე სხვა სამსახური ეშოვა. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი გაირკვევა, როდესაც პარლამენტი ამოქმედდება მათ შორის, საგამოძიებო საქმიანობის კუთხით, თუ ეს ადამიანი გარკვეულ ზეწოლას განიცდიდა, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და ნათელი მოეფინება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეკითხვის პასუხად, ვის ინტერესებში შეიძლებოდა ყოფილიყო შაშკინის წინააღმდეგ მიმართული მუქარა და ზეწოლა, დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ჯერ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა თუ ასეთ რაიმეს ექნებოდა ადგილი, ეს პოლიტიკასთან იქნებოდა დაკავშირებული.