პარლამენტის ვიცე-სპიკერი , ზვიად ძიძიგური პარლამენტის პირველი სხდომის შეფასებისას , აცხადებს, რომ გუშინ, საპარლამენტო ხელისუფლება ჩამოყალიბდა, სადაც მთელმა საქართველომ ნახა, რომ საპარლამენტო ძალაუფლება სრულად პოლიტიკური კოალიციის ხელთაა.
რაც შეეხება როლანდ ახალაიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს, იმის გათვალისწინებით , რომ აქამდე, კოალიციის წევრები აცხადებდნენ, რომ მისი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდებოდა, ძიძიგურმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, უმრავლესობის წევრებმა პოლიტიკურად კეთილი ნება დააფიქსირეს, რათა საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ისეთი სახით ყოფილიყო დაკომპლექტებული, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა.
"ახალაიას უფლებამოსილების ცნობის საკითხი, ჩვენი მხრიდან, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენს ქვეყანაში ვინაიდან ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ პარლამენტის მხრიდან, უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის შეზღუდვები არ ყოფილიყო.
პროკურატურაში და სასამართლოში პროცესები გაგრძელდება და თუ პროკურატურასა და სასამართლოს მხრიდან, რომელიმე დეპუტატის საქმიანობაში დანაშაულის ნიშნები იქნება, ამ თემას უკან დავუბრუნდებით. ჩვენ უბრალოდ, პოლიტიკურად კეთილი ნება დავაფიქსირეთ , იმ თვალსაზრისით, რომ საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ისეთი სახით ყოფილიყო დაკომპლექტებული, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა", - განაცხადა ძიძიგურმა.