სს "თელასში" დასაქმებულთა პროფკავშირი გამაფრთხილებელ გაფიცვას დღეს 15:00 საათზე მოაწყობს.საპროტესტო აქციის მონაწილეები "თელასის" ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბებიან და ადმინისტრაციისგან რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად წაყენებულ მოთხოვნებზე პასუხებს მოითხოვენ.
სს "თელასის" მუშაკთა პროფკავშირის მოთხოვნებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც უერთდება და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელები აცხადებენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სს "თელასის" მუშაკთა პროფკავშირი კანონით დადგენილ ვადებში სრულმასშტაბიან და უვადო გაფიცვას დაიწყებს.
ამასთან, პროფკავშირები აფრთხილებს სს "თელასის" ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, ყველა დონის მენეჯერს, რომ გაფიცვაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზნით თანამშრომლებზე ზეწოლა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში პროფკავშირები დამნაშავე პირების წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით დაუყოვნებლივ პროკურატურას მიმართავს.
კომპანია "თელასიდან" გათავისუფლებული თანამშრომლები რამდენიმე დღეა, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით აქციებს მართავენ. მათი განმარტებით, კომერციული დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში 125 თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.