საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას დავით ზალკანიანი მიიღებს

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას დავით ზალკანიანი მიიღებს

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, სერგი კაპანაძესთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი, დავით ზალკანიანი მიიღებს.

როგორც ზალკანიანმა From.ge -ს განუმარტა, აღნიშნული კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მიღების მიზანი ინფორმაციის მიღებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზეა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები და რა სტადიაზეა აღნიშნული ორი მხარის ის ხელშეკრულებები, რომელიც დღის წესრიგში დგას.

„მე დღეს მივემგზავრები ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ჩვენ გვსურს რომ იმ ტრანზიციის პროცესმა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, არ შეაფერხოს საქართველოს ევროინტერგაციული საკითხი. სწორედ იმისათვის, რომ ვიყოთ ინფორმირებულნი რა სტადიაზე მოლაპარაკებები, იმისათვის, რომ მოხდეს მემკვიდრეობითობის შენარჩუნება და მისი ახალ ხელისუფლებაში თანმიმდევრობით გადასვლა, მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად ჩვენც ჩავერთვებით „, - განაცხადა ზალკანიანმა.

მისი განმარტებით სხდომაზე განხილული იქნება ხელშეკრულება ასოციაციის შესახებ, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, კონფლიქტების მოგვარება, ტრანსპორტისა და ეკონომიკის თემატიკა, ადამიანის უფლებები, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირის შორის განიხილება და ა. შ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით სხდომაში მონაწილეობას მხოლოდ დავით ზალკანიანი მიიღებს. ის ბრიუსელში დღეს გაემგზავრება.