ია ანთაძე: ცხადია გიორგი არველაძემ „იმედი“ გარკვეული ზეწოლების შედეგად დათმო

ია ანთაძე: ცხადია გიორგი არველაძემ „იმედი“ გარკვეული ზეწოლების შედეგად დათმო

მედია ექსპერტ, ია ანთაძის შეფასებით, გიორგი არველაძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის გადაცემა იძულებით და გარკვეული წეზოლების შედეგად მოხდა.

როგორც ანთაძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, მისი ინფორმაციით, გიორგი არველაძე არ აპირებდა ტელეკომპანიის დათმობას, მაგრამ კულუარებში ისეთი პროცესები დაიწყო, რის შედეგადაც მას ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე და აბსოლუტურად სწრაფ რეჟიმში მოუხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

„მე ვერ ვხედავ კონკრეტულ მოტივს იმისა, თუ რატომ უნდა დაებრუნებინა და დაეთმო „იმედი“ გიორგი არველაძეს. ცხადია, იყო გარკვეული სახის ზეწოლა, მაგრამ ზეწოლა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, არ არის აუცილებელი მისთვის ვიღაცას პირდაპირ ეთქვა „დააბრუნე ტელევიზია“. აქ არის იმ ტიპის პროცესზე საუბარი, სადაც ადამიანებს მოუწევთ გასცენ გარკვეულ შეკითხვებზე პასუხი და ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, შესაძლოა მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, ამიტომ რაც ეხლა ხდება კულუარებში, ალბათ ეს არის ძველი ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამომდინარე იმ პროცესიდან, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და არა იმიტომ რომ ვიღაცა მივიდა და უთხრა „შენ ეს ტელევიზია უნდა დააბრუნო“, - განაცხადა ანთაძემ.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობა აღსდგა, როცა ოჯახმა დაიბრუნა ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ტელევიზიას ჩამოშორდა. მისი თქმით, არსებობს გარკვეული სახის შეკითხვები, რომელზე პასუხების გაცემაც დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.

რაც შეეხება იმას, თუ რა რესურსებით გააგრძელებს ტელეკომპანია ფუნქციონირებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, რათა მივხვდეთ საერთოდ აპირებს თუ არა ტელევიზია ფუნქციონირებას, ან თუ აპირებს რა რესურსით მოხდება ეს.

„ძალიან საინტერესოა  რა მატერიალური ან ინტელექტუალური  რესურსი გააჩნია ტელევიზიას. თუ მივიღებთ იმ ტელევიზიას, რომელიც არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და პროფესიონალი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული, რა თქმა უნდა ჩავთვლით, რომ დიდი და პოზიტიური სიახლე იქნება მედიაბაზარზე. მე იმედით ველოდები რომ ეს ასე მოხდება, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა ვინ შეიძლება ამუშაოს ეს ტელევიზია როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალურად“, - აღნიშნა ანთაძემ.

გარდა ამისა ექსპერტის აზრით, ტელეკომპანია „იმედის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები მას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ქვეყანაში კიდევ ისეთი პროცესები  განვითარდება და ისეთი ფაქტები მოხდება, რომელიც ყველას ძალიან გააკვირვებს.

„კულუარებში რაღაც ხდება და „იმედის“ ამბავი მე მეუბნება, რომ კიდევ ბევრი რამ მოხდება სწრაფ რეჟიმში, ყოველდღე რაც ძალიან გაგვაკვირვებს. ამას ქვია სწორედ ძველი ხელისუფლების ჩამოშლა, იმიტომ რომ ასეთი შედეგები აქვს ძველი ხელისუფლების იმ საქმიანობას, რომელსაც ისინი 8 წლის განმავლობაში ეწეოდნენ“, - დასძინა ანთაძემ.