პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია.
„ეს გადაწყვეტილება ახლა, იმიტომ იქნა მიღებული, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ოჯახს აუცილებლად დაუბრუნდებოდა, ვინაიდან ის უკანონოდ, ყველა წესის დარღვევით იქნა ჩამორთმეული. გასაგებია, რომ ახალი ხელისუფლება ამაზე იზრუნებდა და უბრალოდ, ხმაურიანი საქმეები იქნებოდა. ამ შემთხვევაში, მოხდა მოლაპარაკება, გადაცემა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობიდან ბევრ ვინმეს, მათ შორის ბატონ გიორგი არველაძეს არ ათავისუფლებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება, ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას, ბერძენიშვილის განცხადებით, ტელევიზია დამოუკიდებელი უნდა იყოს და აღნიშნავს, რომ მეპატრონემ ეს ყოველთვის უნდა იცოდეს და ამ კონკრეტულმა მეპატრონემ კი იცის, რომ ტელევიზია მაშინაა მომგებიანი და ობიექტური, თუ სარედაქციო დამოუკიდებლობა აქვს.
„იმედი მაქვს, რომ „იმედი“ დაიბრუნებს იმ სახელს, რომელიც ჰქონდა და შესაძლოა უკეთესიც კი გახდეს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.