იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული უწყება მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ საჭიროებს.
როგორც მან იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული.
წულუკიანი დღეს დილიდან სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს შეხვდა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად, ინფორმაციის გაცვლა მოხდა.
წულუკიანი განმარტავს, რომ საუბრის ძირითადი თემა იყო, თუ როგორ წარმოუდგენიათ სამინისტროს თანამშრომლებს ახალ მინისტრთან ურთიერთობა და ა.შ.
„ჩემი შთაბეჭდილება რჩება ძალაში. იუსტიციის სამინისტროში პროფესიონალი კადრები მუშაობენ და ეს საჯარო სამსახური დიდ ცვლილებებს არ იმსახურებს. მე ახლა უბრალოდ ვცდილობ, დრო მოვიგო და ჩემი პირველი სამუშაო დღე იყოს რეალურად სამუშაო და არა – გაცნობითი ხასიათის", - განაცხადა წულუკიანმა.