წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, წარმატებით დასრულდა ევროსასამართლოში მათ მიერ განსახილველად შეტანილი საქმე "მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" .
როგორც მარიამ ჯიშკარიანმა For.ge -s კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "მიქიაშვილის ქეისი " წარმატებული აღმოჩნდა სამედიცინო ექსპერტების და ადვოკატების ერთობლივი მუშაობის შედეგად, რადგანაც თავიდან ეს საქმე აბსურდული გახლდათ.
"წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის"მიერ 2006 წელს საქმე შეტანილ იქნა ევროპულ სასამართლოში , ადვოკატი გახლდათ ზაზა ხატიაშვილი. ეს საქმე საქართველოს მთავრობამ წააგო მე-3 მუხლით, რაც ეხება პოლიციაში აღნიშნული პიროვნების არაადამიანურ მოპყრობას და არაეფეტურ გამოძიებას, ასევე ციხის ნაწილში მეორეჯერ არის მესამე მუხლი ნახსენები. საქართველოს მთავრობას 12 000 ევროს კომპენსაცია დაეკისრა. ეს საქმე ფართოდ გაშუქდა და მოხვდა სახალხო დამცველის მოხსენებაში .
რაც შეეხება ამ მიქიაშვილის საქმის ქეისს , 2005 წელს, 27 ოქტომბერს გვიან ღამით, ქუჩაში მომავალი ბიჭები გააჩერა პოლიციამ, რომელსაც მოეჩვენა რომ აღნიშნულმა ბიჭებმა, გოგონებს, რომლებიც უკან მიჰყვებოდნენ, მობილურები წაართვა. როგორც შემდეგ გაირკვა ეს მობილური ტელეფონები მათ მეუღლეებს ეკუთვნოდა, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ. გიორგი მიქიაშვილი ამ დროს იჯდა ავტომანქანაში და როდესაც დაინახა, რომ ფეხბურთელების, რომლებმაც ვერ გაიგეს რატომ აკავებდა პოლიცია, დასახმარებლად გადავიდა.
პოლიციის წინააღმდეგ გაწეული ბრალდებით გიორგი მიქიაშვილზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლა , რომელსაც შემდგომ დასჭირდა ხანგრძლივი ფსიქიკური მკურნალობა. ეს ყველაფერი სტამბულის პროტოკოლით, ცენტრ "ემპათიას" მიერ იქნა დოკუმენტირებული ექსპერტიზაზე.
მინდა გითხრათ, რომ ეს გახლდათ აბსოლუტურად აბსურდული ქეისი , რისთვისაც დააკავეს მიქიაშვილი , თუმცა აღმოჩნდა წარმატებული სამედიცინო ექსპერტების და ადვოკატების ერთობლივი ინტერვენციის", -განაცხადა ჯიშკარიანმა.