გია ხუხაშვილი - ახალი ხელისუფლების მიმართ ობიექტური კრიტიკოსი ვიქნები

გია ხუხაშვილი - ახალი ხელისუფლების მიმართ ობიექტური კრიტიკოსი ვიქნები

ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ კრიტიკული იქნება. ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება მოსაზრებები იმის თაობაზე, თითქოს, მან „ქართული ოცნება“ შიდა უთანხმოების გამო დატოვა.

ექსპერტის განმარტებით,  დაახლოებით ერთი წლის წინ, მან სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადასვლისას განაცხადა, რომ პროცესების დასრულების შემდეგ, ისევ არასამთავრობო სექტორს დაუბრუნდებოდა.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, კოალიციის ლიდერის მხრიდან არც რაიმე თანამდებობის შეთავაზებას ჰქონდა ადგილი, რადგან ეს თემა დახურული იყო.

„მაშინ ჩავთვალე, რომ იწყებოდა ძალიან მძიმე პროცესი, რომელშიც მონაწილეობის არ მიღების უფლება არ მქონდა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ჩემს კოლეგებს ვუთხარი, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესში და თავისუფალი დარჩა - მე ვარ. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი პრივილეგია, რომ საშუალება მომეცა ჩემს საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდე“ - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, მიუხედავად კოალიციაში ყოფილ თანამებრძოლებთან მეგობრობისა, ის მათ გაკრიტიკებას არ მოერიდება, რადგან მიაჩნია, რომ ობიექტური კრიტიკა ყველა ხელისუფლებისთვის აუცილებელი და საჭიროა.

„ადვილი არ იქნება გავხდე ჩემი მეგობრების კრიტიკოსი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებ ამ კომპლექსის გადალახვას. ყოველთვის ჩავთვლი, რომ ეს კრიტიკა ისევ ჩემი მეგობრების სასარგებლოდ იქნება მიმართული“ - განაცხადა ხუხაშვილმა.