ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, მასშტაბური ამნისტია შორეული პერსპექტივა არ იქნება.
ბესელიას განმარტებით, მასშტაბური ამნისტია, რომლისთვისაც ახალი ხელისუფლება ემზადება, იმ მსჯავრდებულებს შეეხება, რომელთა პატიმრობაში ყოფნა სასჯელის მიზანს არ ამართლებს და, რომელთა გათავისუფლებაც საზოგადოებრივად საშიში არ არის.
ბესელია ჯერ არ ასახელებს „სისხლის სამართლის კოდექსის“ კონკრეტულ მუხლებს, რომლებიც შესაძლოა „ამნისტიის შესახებ“ პროექტში ჩაიდოს, თუმცა განმარტავს, რომ ამ მიმართულებით აქცენტი გაკეთდება ნაკლებად მძიმე ტიპის სასჯელებზე, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებზე, მსჯავრდებულებზე, რომელთაც სასჯელის ნახევარი ან ნახევარზე მეტი უკვე მოიხადეს.
ბესელიას თქმით, ამნისტია არ შეეხება ისეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, როგორიცაა: მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება და ასე შემდეგ.
„ამნისტია უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო, ბევრი მუხლის შემცველი და არა ისეთი, როგორსაც მიხეილ სააკაშვილი გამოსცემდა. ჩვენ გვინახავს „ამნისტიის შესახებ“ კანონები, რომელშიც ბევრი მუხლი იდო, მაგრამ ეს მუხლები სასამართლო პრაქტიკაში არ გამოიყენებოდა და მის საფუძველზე მსჯავრდებული პირები არ არსებობდნენ“, - განაცხადა ბესელიამ.
რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მომზადებასთან და პარლამენტის მიერ მის დამტკიცებასთან დაკავშირებულ ვადებს, ბესელიას თქმით, ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს, პროექტზე მუშაობა კი, ახალი პარლამენტის შეკრებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ დაიწყება.
ბესელია აღნიშნავს, რომ „ამნისტიის პროექტი“ სამოქალაქო საზოგადოების და უფლებათადამცველთა აქტიური ჩართულობით შემუშავდება.