სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ ემიგრანტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ქართველები საფრანგეთიდან , ბელგიიდან , პორტუგალიიდან , საფრანგეთიდან და ჩეხეთიდან ბრუნდებიან.
განცხადების თანახმად, ქვეყნის განვითარების სწორი გეზის არჩევის თვალსაზრისით მათ არჩევნებში გამარჯვებული ახალი პოლიტიკური ძალის იმედი აქვთ და აცხადებენ, რომ დაბრუნების მიზეზიც სწორედ მათ მიერ დაწყებული მშენებლობის პროცესში აქტიური მონაწილეობაა.
" ჩვენ, ემიგრაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ერთ ნაწილს გვჯერა რა პირველ ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის - " ქართული ოცნების" ძალისხმევისა - ქვეყნის განვითარების სწორი გეზის არჩევის თვალსაზრისით, გვაერთიანებს რა უდიდესი სურვილი მივიღოთ აქტიური მონაწილეობა, ძალადობისგან უკვე თავისუფალი, დემოკრატიულ ფასეულობეზე ორიენტირებული ქვეყნის მშენებლობაში. გვაქვს რა პროფესიული, საქმიანი თუ წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში ცხოვრებისეული გამოცდილება. უარს ვამბობთ აქაურ, წლების განმავლობაში, არცთუ ისე იოლად მოპოვებულ, სოციალურ თუ სხვაგვარ სიკეთეზე, ჩვენთვის ყველაზე სანუკვარ ოცნებას ვიხდენთ და ვბრუნდებით სამშობლოში. არ არის ამქვეყნად მეტი სიკეთე ვიდრე ცხოვრობდე, მოღვაწეობდე, შვილებს ზრდიდე შენს ქვეყანაში, შენს სიზმრად ქცეულ რეალობაში. ვბრუნდებით, რათა ჩვენი გამოცდილება, ცოდნა და ენერგია მოვახმაროთ წარმატებული ქართული სახელმწიფოს შენებას. ქვეყნისა, სადაც უახლოეს მომავალში იქნება უკეთესი პირობები, მილიონზე მეტი ჩვენსავით სამშობლოსა და ოჯახების მონატრებისგან თვალცრემლიანი ადამიანების, ასევე წარმატებით დაბრუნებისათვის. ჩვენ გვჯერა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის. ჩვენ მოგვაქვს მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის სითბო და სიძლიერე. ჩვენ სამშობლო ძალიან გვიყვარს და გვენატრება. ჩვენ ვბრუნდებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს ზაურ გურგენიძე, გიორგი ლაფანაშვილი, ირაკლი ბარამიძე, ზვიად ჯაყელი, თამარ მელიქიშვილი, კახაბერ ცხადაძე და გიორგი ფოფხაძე აწერენ.