არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტის" ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტების მასიური განადგურების ფაქტები შეინიშნება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დედათა კომიტეტის დამფუძნებელმა, ქეთევან ადამიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 2 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, 24 საათის განმავლობაში, იუსტიციის მეოთხე, მერვე და მეცხრე სართულებზე ქაღალდის დასაქუცმაცებელი ელექტრომოწყობილობით ხდება დოკუმენტაციების განადგურება.
ტომარაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, მისი ახლობლები დღესაც სამინისტროში მუშაობენ და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციაც სწორედ მათგან აქვს.
როგორც ქეთევან ადამია აცხადებს, ძირითადად ნადგურდება ის დოკუმენტები, სადაც დაფიქსირებულია, მაგალითად, მოქალაქეები საკუთარი სურვილით როგორ ჩუქნიდნენ სხვა მოქალაქეებს „ნებაყოფლობით" ავტომანქანებს.
„თუმცა არავის სურვილი არ ჰქონდა, ვინმესთვის რამე ეჩუქებინა, უბრალოდ ამ ავტომანქანების ჩამორთმევა ხდებოდა, შემდეგ კი დოკუმენტებში ფიქსირდებოდა თითქოსდა კონკრეტულმა მოქალაქემ საკუთარი ნებით აჩუქა სხვა მოქალაქეს აღნიშნული მანქანა“, - განაცხადა მან.
„დედათა კომიტეტი“ აღნიშნულ ფაქტებს აპროტესტებენ და მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანსა და მთავარი პროკურორობის კანდიდატ არჩილ კბილაშვილს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და დაიწყოს გამოძიება.