ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ხაშურში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბაჩო ქიტიაშვილის მიერ, კანდიდატურის მოხსნა, ხაშურში ხვალ დანიშნულ განმეორებით კენჭისყრაზე გავლენას არ იქონიებს.
„ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია, გამოვიდეს და განცხადება გააკეთოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიულეტენში არ იქნება მისი სახელი და გვარი. განმეორებითი კენჭისყრა იმ უბნებზე, სადაც არის გაბათილებული შედეგები, მაინც ჩატარდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ცსკ-ის ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრა შემდეგ საარჩევნო უბნებში დაინიშნა: №13-ე სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5-ე; №32-ე გორის საარჩევნო ოლქის - №4-ე; №35-ე ხაშურის საარჩევნო ოლქის - №3-ე, №8-ე, №10-ე, №45-ე, №46-ე. განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაევალა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების იმავე შემადგენლობებს, გარდა ორი უბნისა - №13-ე სიღნაღის საარჩევნო ოლქის №5 უბანში კენჭისყრას გამართავს იმავე ოლქის №31-ე საუბნო საარჩევნო კომისია, №35-ე ხაშურის საარჩევნო ოლქის №45-ე უბანში - №7-ე საუბნო საარჩევნო კომისია.