ჩუღურეთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ყოფილი ელჩის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში დამატება, რომლის თანახმადაც, მთავრობის წევრებს დიპლომატიური პასპორტების მოქმედების ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდებათ, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს.
დოლიძის განცხადებით, დებულების თანახმად, მთავრობის წევრებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობა ეკუთვნით, თუმცა გადადგომის შემდეგ, მათ ეს პასპორტები უნდა ჩააბარონ.
„როგორც წესი, დებულების თანახმად, მთავრობის წევრებს დიპლომატიური პასპორტი ეკუთვნით და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ხოლო რაც შეეხება, თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან მათთვის დიპლომატიური პასპორტების ერთი წლით გახანგრძლივებამ კითხვა მეც გამიჩინა. მაშინ, როდესაც მთავრობა გადადგა და მათ დიპლომატიური პასპორტები აღარ ეკუთვნით, არ მესმის, თუ რის საფუძველზე დასჭირდათ და რის საფუძველზე გაუხანგრძლივდათ ამ პასპორტებით მოქმედების ვადა?! ეს საფუძვლიან ეჭვებს აჩენს“, - განაცხადა დოლიძემ და აღნიშნა, რომ „მე, მაგალითად, როდესაც ელჩობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე, დიპლომატიური პასპორტი ჩავაბარე და მთავრობის უკვე ყოფილ წევრებს ანალოგიური უნდა გაეკეთებინათ“.