ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში დამატება, რომლის თანახმადაც, მთავრობის წევრებს დიპლომატიური პასპორტები 1 წლით გაუხანგრძლივდებათ, ცუდი არაფერია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის არახელსაყრელი დროა შერჩეული.
გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება შედარებით ადრე მიეღოთ.
„მართალი გითხრათ, ამ გადაწყვეტილებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის დროა ცუდად შერჩეული. მაშინ, როდესაც მთავრობა იცვლება და ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს ანაცვლებს, ეს რაღაც ეჭვებს, უსიამოვნო ასოციაციებს ბადებს და ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს ანიჭებს. თვითონ ფაქტი მისაღებია, რომ ყოფილ მინისტრებს და და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ასეთი პრივილეგია ჰქონდეთ. ეს კარგად მუშაობისთვის კიდევ დამატებითი სტიმული და დაფასების საკითხია“, - განაცხადა გოგოლაშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ყოფილ მინისტრებს დიპლომატიური პასპორტი სამუდამოდ რჩებათ.