პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, ხათუნა ხოფერიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხოფერიამ ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ისაუბრა.
ხოფერიას თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში, ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება მალე დაიწყება და აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ბევრი ახალი ჩვენება იქნება.
„რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც აწამებდნენ ქონების დასათმობად. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო. მან დაასახელა გვარი. როდესაც საქმის ძიება დაიწყება, ეს პიროვნება მზად არის მივიდეს და მისცეს ჩვენება ამ პიროვნების წინააღმდეგ და ასეთი ბევრი ფაქტია“, - განაცხადა ხოფერიამ.
ხათუნა ხოფერია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ჟვანიას საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს, რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნაა.
მისი თქმით, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ერთ-ერთი პირველი დანაშაული და საზოგადოება, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ვერ დატოვებენ ამას ისე, რომ ვერ მიიღონ კითხვებზე პასუხი, როგორ გარდაიცვალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
როგორც ხოფერია ამბობს, ამერიკიდან ჩამოსული დასკვნის მიხედვით, აირით მოწამვლის ფაქტს 5 პირობა არ აკმაყოფილებდა და ჟვანიას მეგობრების წრეში იცოდნენ, რომ ბუნებრივი სიკვდილით პრემიერი ვერ გარდაიცვლებოდა.
„იმაზე, რომ ეს იყო მკვლელობა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით და ბევრი ფაქტები არსებობდა. იყო ხალათი, პირსახოცი, ჯაგრისი, რომელზეც გარდა ზურას დე-ენ-ემისა, აღმოჩენილი იყო სხვა პიროვნების, მდედრობითი სქესის დე-ენ-ემი. არ იყო ამოცნობილი, ვინ იყო ეს პიროვნება. მე მათგან მაქვს ეს ინფორმაციები. ისინი ამას განიცდიდნენ. გია იყო პირველი პიროვნება, რომელიც იქ მიიყვანეს. ჩვენი გუნდიდან იგი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო“, - განაცხადა ხოფერიამ.