მაია მიმინოშვილი: განათლების სისტემას მრავალმხრივი და კარგად გააზრებული ცვლილებები ესაჭიროება

მაია მიმინოშვილი: განათლების სისტემას მრავალმხრივი და კარგად გააზრებული ცვლილებები ესაჭიროება

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორობის კანდიდატი მაია მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში ცვლილებების მომზადებამდე, აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ.

აღნიშნულის შესახებ მიმინოშვილი სოციალურ ქსელ facebook - ის საკუთარ გვერდზე წერს.

მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი მხოლოდ მინისტრის დანიშვნის შემდეგ იქნება.

„ამ განმარტების გავრცელება საჭიროდ მივიჩნიე,  რადგან ვიცი, როგორ აღელვებთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია,  მით უმეტეს,  თუ ეს ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება რეალობას. რამდენიმე დღეა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი მხოლოდ მინისტრის დანიშვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მათთან საუბრისას განვმარტავ იმასაც, რომ განათლების სისტემას მრავალმხრივი და, რაც მთავარია, კარგად გააზრებული ცვლილებები ესაჭიროება. ბევრი რამაა შესაცვლელი საგამოცდო სისტემაშიც“, - წერს მიმინოშვილი.

ამასთან,  მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ დღეს რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, განათლების სისტემის რეფორმირება მეცნიერული კვლევების და არა გაუაზრებელი ექსპერიმენტების საფუძველზე განხორციელდეს - ეს სისტემის ყველა სეგმენტს ეხება.

ის ამბობს, რომ ნოემბერსა თუ დეკემბერში მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის მოულოდნელი სიახლეების შეთავაზება, მათთვის სტრესული მდგომარეობის შექმნა მიზანშეუწონელია.

„ალბათ გახსოვთ,  ასეთივე პოზიცია მქონდა საატესტატო გამოცდების აჩქარებულად დანერგვისას. მივიჩნევ, რომ სიახლეების მომზადებამდე, რაც პედაგოგებისა და ექსპერტების მოსაზრებების შესწავლასა და გათვალისწინებასაც გულისხმობს,  შესაძლებელია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ“, - წერს მიმინოშვილი.