კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომისთვის აუცილებელი საკითხების მოსაწესრიგებლად ქუთაისში გაემგზავრებიან. როგორც ზურაბ აბაშიძემ From.ge-ს განუცხადა, ერთია სხდომის ჩატარება, მეორე, უფრო მნიშვნელოვანი საკითხია როგორ მოახერხებენ კომიტეტები მუშაობას.
აბაშიძის განცხადებით, რაც შეეხება პირველ სამუშაო სხდომას ის 21 ოქტომბერს არ უნდა გადასცდეს.
„კონსტიტუციაში მითითებულია, რომ ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი. ის რომ პირველი სხდომა ქუთაისის პარლამენტში ჩატარდეს და შემდეგ უკვე სხვაგან გააგრძელოს პარლამენტმა მუშაობა, ეს საკითხი არ განიხილება, რადგან ამასაც ცვლილება სჭირდება კონსტიტუციაში და გარდა ამისა ვადებიც არის განსაზღვრული.
შეიკრიბება პარლამენტი ქუთაისში, იმუშავებს იმ პირობებეში და როგორ პირობებსაც გვიტოვებს სააკაშვილი. რა ვქნათ, ძალიან ბევრი სამუშაოა. მთავრობაა დასამტკიცებელი, ბიუჯეტია დასამტკიცებელი, პარლამენტის ხელმძღვანელობაა ასარჩევი,რათა პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს და ჩვენ პირობებს ვერ დაველოდებით“,-აცხადებს აბაშიძე.