ეკა ზღულაძე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და იგივე პოლიტიკას გაატარებს, რაც აქამდე ჰქონდა

ეკა ზღულაძე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და იგივე პოლიტიკას გაატარებს, რაც აქამდე ჰქონდა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ეკა ზღულაძის და  და მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის  შეხვედრის შემდეგ, ეკა ზღულაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი  განცხადებით, სულ არ არის გასაკვირი, რომ ისინი ერთმანეთს სამინისტროს გარეთ შეხვდნენ, რომლის ინიციატორიც ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა.

როგორც შსს ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, მართალია, ახალ მინისტრს თავისი ხედვები აქვს, მაგრამ სამინისტრო იგივე პოლიტიკას გაატარებს, რაც აქამდე  ჰქონდა.

“დღეს პირველად შევხვდი ახალ მინისტრს. თქვენთვის შეიძლება, ცოტა უცნაური იყოს, რომ ეს შეხვედრა სამინისტროში არ გაიმართა. ამაში არაბუნებრივი არაფერია, პირიქით. ამ სამინისტროში გარკვეული იერარქია არსებობს და ის, რომ ჩვენ შევხვდით არა სამინისტროში, არამედ სხვაგან, ორივე მხრიდან კეთილგანწყობის გამოხატულებაა და ამის ინიციატორი თავად ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ძალიან შინაარსიანი და დეტალური საუბარი გვქონდა.

განვიხილეთ სამინისტროს სტრუქტურა, ბიუჯეტი, ასევე პრობლემები, რომელზეც კიდევ სამუშაო იქნება. ახალ მინისტრსაც თავისი ხედვები აქვს, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მაგრამ უმნიშვნელოვანესზე ვთანხმდებით – სამინისტროს ძალიან რთული და დიდი როლი აკისრია ქვეყნის წინაშე და მუდმივად ასე დარჩება, პირველ რიგში, საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას ვგულისხმობ. ასე, რომ, სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და იგივე პოლიტიკას გაატარებს, რაც აქამდე ჰქონდა”, – განაცხადა ზღულაძემ.