იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, იგი ადვოკატ დავით ჯანდიერთან ერთად, იუსტიციის სამინისტროში დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს შეხვდება.
აღნიშნულის შესახებ, თეა წულუკიანმა for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„სტრუქტურაში ცვლილებები შეიძლება, უკეთესი მენეჯმენტის განხორცილების მიზნით შევიდეს, მაგრამ არავითარი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ, სანამ თანამშრომლებს არ შევხვდები, ამასთან, უნდა გავარკვიო ზოგიერთი დეპარტამენტი მინისტრის მოადგილეებს რა პრინციპით ექვემდებარებიან, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ლოგიკურ ჯაჭვს ვერ ვხედავ“, - განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება დოკუმენტაციას, რომელიც მან იუსტიციის სამინისტროდან წამოიღო, წულუკიანის თქმით, ის ამ დოკუმენტაციას გაეცნო.
„მე სამი სახის დოკუმენტი წამოვიღე მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანისგან. ერთი ინფრასქტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას ასახავს, მათ შორის, იუსტიციის სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით, მეორე დოკუმენტში კი, საუბარია სამინისტროს სტრუქტურაზე, მესამე დოკუმენტი კი, არის საშტატო ნუსხა თავისი ხელფასებით. აღსანიშნავია, რომ ყველა პოზიციას გარდა მინისტრისა და მისი მოადგილეებისა, ხელფასის ოდენობა მითითებული აქვს. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, მე გარკვეული კითხვები მაქვს და ამ კითხვებით ბურჯალიანს ორშაბათს მივმართავ“, - განაცხადა წულუკიანმა.