ირაკლი ალასანია:  გვეყოლება  სამხედრო ომბუდსმენი, რომელიც შეისწავლის ადამიანის უფლებების დარღვევას ყველა სამხედრო ნაწილში

ირაკლი ალასანია: გვეყოლება სამხედრო ომბუდსმენი, რომელიც შეისწავლის ადამიანის უფლებების დარღვევას ყველა სამხედრო ნაწილში

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს სამხედრო ომბუდსმენი ეყოლება. ეს განცხადება ალასანიამ ჟურნალისტებთან სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების კომენტირებისას გააკეთა.

„ჩვენ გვეყოლება სპეციალური სამხედრო ომბუდსმენი, რომელიც შეისწავლის ადამიანის უფლებების დარღვევას ყველა სამხედრო ნაწილში. მთავარი ღერძი, ღირებულება ჩვენთვის არის ჯარისკაცი და მისთვის ყველა პირობის შექმნა. მეორე –  არის პროფესიული კადრების დაბრუნება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში, ხოლო მესამე ღირებულებაა გამჭვირვალობა“, - განაცხადა ალასანიამ. 

„საქართველოსა და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ კანდიდატურას ნოდარ ეფრემიძე დაიკავებს. ნოდარ ეფრემიძე 2000–2003 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სამხედრო საკითხებში რწმუნებულად  მუშაობდა. ამჟამად ნოდარ ეფრემიძე „წინააღმდეგობის მოძრაობის“ სამხედრო ომბუდსმენი და სამხედრო ექსპერტია.