დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე სერგო ქიტიაშვილს ვალერი გელაშვილის ზეწოლისგან იცავენ

დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე სერგო ქიტიაშვილს ვალერი გელაშვილის ზეწოლისგან იცავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით ბაქრაძემ და გიორგი ბარამიძემ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ვალერი გელაშვილი  მათი ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატზე, სერგო ქიტიაშვილზე ზეწოლას ახორციელებს და აიძულებს მას კანდიდატურა მოხსნას.


„ხაშურის რამდენიმე ოლქში განმეორებითი არჩევნების შედეგად, თუ ხალხის ნება იქნება ჩვენი კონკურენტის სასარგებლოდ, ჩვენ ისევე ვაღიარებთ მათ არჩევანს, როგორც ვაღიარეთ დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ხალხის ნება არ გამოიხატოს თავისუფლად და მოქალაქეები ხმას აძლევდნენ დაშინების, შანტაჟის და მუქარის გარემოში. ჩვენი ამოცანაა, ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები. ის, რაც დღეს ხაშურში ხდება, სამწუხაროდ, ძირეულად ეწინააღმდეგება ამ ამოცანას. არის კონკრეტული მუქარის და ზეწოლის ფაქტები“,-განაცხადა პრესკონფერენციაზე ბაქრაძემ.

სერგო ქიტიაშვილის განცხადებით კი ვალერი გელაშვილი ხალხს მისი სახლის დარბევისკენ  მოუწოდებდა.

„არის მუქარის ზარები, შემოთვლები პირადად ვალერი გელაშვილისგან, რომ თუ კანდიდატურას არ მოვხსნი, გადაწყვეტილი აქვთ, როგორ უნდა მომაყენონ ზიანი. მიუხედავად ამისა, ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეუბნებიან პირადად ვალერი გელაშვილი პირადად მოუწოდებდა აჟიტირებულ ხალხს, მისულიყვნენ და ჩემი სახლი დაერბია“, - განაცხადა ქიტიაშვილმა. 

შეგახსენებთ, ცესკო-მ ხაშურის რამდენიმე ოლქში არჩევნების  შედეგები მას შემდეგ გააუქმა,რაც ამ ოლქებში ნიღბიანი პიროვნებების შეჭრა და სპეცრაზმელების მიერ საარჩევნო ყუთის გატაცების შემთხვევები დაფიქსირდა.სპეცრაზმელებმა ოლქების შენობების  წინ შეკრებილი გელაშვილის მომხრეების მისამართით გაზი გაუშვეს და ჰაერში ისროლეს.