იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი შპს „გამას“დირექტორის გიორგი ყავლაშვილის განცხადებას, რომ „კომპანია „ბურჯის“ შეძენა უშუალოდ მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა“, ყავლაშვილის თვითგადარჩენის მცდელობად აფასებს.
აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა დღეს, for.ge -ის პრესკლუბში ისაუბრა.
წულუკიანის განცხადებით, ადვოკატი ყავლაშვილი ის ადვოკატია, რომელიც ადვოკატის პროფესიას ყოველთვის არცხვენდა.
„ეს არის ადამიანი, რომელიც საპროცესო შეთანხმებების, გარიგებებისა და საქმეების მოკვარახჭინების სპეციალისტია. ამიტომაც, თავის დროზე, არავის გაკვირვებია ის რომ, ის შპს „ბურჯის“ და კიდევ ძალიან ბევრ სხვა საქმეებშია გარეული, რომელიც პირდაპირ საზოგადოებაში უსამართლობის თემას უკავშირდებოდა. დასანანია, რომ პროფესიით ადვოკატი ადამიანი, საზოგადოებისთვის უსამართლობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მაშინ, როდესაც პირიქით უნდა იყოს“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, მოქალაქიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული, სამართალი და კანონი ყველასთვის ერთი იქნება და შერჩევითი სამართალი აღარ იარსებებს.
„ვინ, როდის, რა ჩაიდინა, რომ კანონი დარღვია და საზოგადოებაში უსამართლობა გაემეფებინა, ამას სამართლიანი სასამართლო დაადგენს, რომელიც ჯერ-ჯერობით არ გვყავს, მაგრამ გვეყოლება“, - განაცხადა წულუკიანმა.