შპს „გამას“ დირექტორმა გიორგი ყავლაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბურჯის“ ყიდვის დეტალებზე რადიო „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.
ყავლაშვილის განცხადებით, კომპანია „ბურჯის“ შეძენა უშუალოდ მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა.
„მქონდა შეხვედრა მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან, რომელმაც მითხრა, რომ არის გარკვეული კომპანია, რომელსაც სურს შენ წარმოადგინო მათი ინტერესები, როგორც კომპანიის დირექტორმაო. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ტიპის იძულება განხორციელდა ან ვინმე რამით დამემუქრა, უბრალოდ არც გამირისკავს გამომეხატა ჩემი პოზიცია და მეთქვა, რომ ამ ტიპის პროცესში მონაწილეობის სურვილი არ მქონდა“, - განაცხადა ყავლაშვილმა.
ყავლაშვილი ამბობს, რომ კომპანია „გამას“ შპს „ბურჯის“ შესაძენად აუქციონის ფარგლებში გათვალისწინებული 8 761 513 ლარი რეალურად არ გადაუხდია.
„განკარგულებაში მითითებული იყო, რომ „ბურჯში“ 8 761 513 ლარი იყო გადახდილი, თუმცა უშუალოდ „გამას“ მხრიდან, ეს თანხა არ გადახდილა“,- განაცხადა ყავლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შპს „გამამ“ შპს „ბურჯი“ აუქციონის წესით 8 761 513.55 ლარად აგვისტოში შეიძინა.