თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზუგდიდში უკვე თავისუფლება იგრძნობა და აღნიშნა, რომ ამდენი მომღიმარი სახეები მას დიდი ხანია არ უნახავს.
„მე სამეგრელოს ერთგული დავრჩები, სადაც არ უნდა წავიდე. აღმავლობის და განვითარების ახალი ხანა იწყება. ამ განვითარებაში, რა თქმა უნდა, ზუგდიდი და სამეგრელო ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს“, - განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას განცხადებით, თავდაცვის მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, მისი პრიორიტეტი ჯარისკაცი იქნება.
ალასანიას თქმით, ზუგდიდისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ „ქართული ოცნების“ სარჩელის დაუკმაყოფილებლობა ზუგდიდის უბნებში არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.
„მინდა დავპირდე ამომრჩეველს, არა მარტო ზუგდიდში არამედ, მთელ საქართველოში, ყველა იმ ამომრჩეველს, ვისაც ჰგონია, რომ მისი ხმა მოიპარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ჩატარდება სრულფასოვანი გამოძიება, რომელიც არჩევნების ყველა გამყალბებელს წარადგენს მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ალასანიამ.
ზუგდიდში ირაკლი ალასანიასთან ერთად ლაშა ჟვანიაც იმყოფებოდა.